საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლეში მიღებით დასრულდა. მიღება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას სახელით გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჰერალდიკის საბჭოს წევრები დაესწრნენ.
საზეიმო მიღებაზე გამოიფინა პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.
საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ, თუმცა სახელმწიფო დროშის დღე, კანონის მიღების შემდეგ, მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დროშის დღე საქართველოს რეგიონებში აღინიშნა.
სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სახელმწიფო დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში, გერბის ორიგინალთან ერთად, სასახლეში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.
პრეზიდენტის სასახლეში დროშის დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
14/01/2016