პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

21/07/2017

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პოტენციურად უარყოფით შედეგებს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ მასშტაბურ ცვლილებას მოჰყვება, გულისყურით დაუკვირდეს უმრავლესობის თითოეული წევრი, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ორ მასშტაბურ ცვლილებაზე უმრავლესობა თუ აიღებს პასუხისმგებლობას, „უნდა გაიაზროს ის საკმაოდ სერიოზული შედეგები დემოკრატიულობის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ამ ცვლილებებს მოჰყვეს“.
ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება და ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, უმრავლესობის და ოპოზიციის წევრებთან კონსულტაციების გასამართად.
„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს გაიგზავნება. ეს არის საკმაოდ ფართომასშტაბიანი საკითხი, საკმაოდ სერიოზული ცვლილებები და ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ უმრავლესობის თუ ოპოზიციის ნებისმიერ წევრთან ვაწარმოოთ კონსულტაცია და მივაწოდოთ მათ ჩვენი დასაბუთება. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, რომ პრეზიდენტის ვეტო ეყრდნობა იმ უამრავ მოსაზრებას და მიმართვას, რომელიც სამოქალქო სექტორიდან და პოლიტიკური პარტიებიდან მივიღეთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების გაუქმება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ჩვენი პოზიციით, წარმოდგენილი ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის თავად „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება და მიუღებელია მათი განხორციელება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი. თვითმმართველობა ერთმევა 7 თვითმმართველ ქალაქს. ეს სტატუსი ქალაქებს „ოცნებამ“ მიანიჭა 2015 წელს და მშვენივრად იყენებდნენ – სწავლობდნენ ქალაქები საკუთარი თავის მართვას.
ყველა პრობლემა, რომელიც დასახელებულია ამ ცვლილებებთან მიმართებაში, შეიძლება მოგვარდეს ნაკლებად რადიკალური გზებით. თუ ჩვენ ერთ შენობაში გვყავს ორი საკრებულო, მაშინ ამის პასუხი არ არის თვითმმართველობის ჩამორთმევა 7 ქალაქისთვის – ამის პასუხი არის შენობის გამოძებნა მეორე საკრებულოსთვის. თუ ჩვენ გაზრდილი გვაქვს ბიუროკრატიული ხარჯები, ამის პასუხი არ არის 7 ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევა – ამის პასუხი არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0