პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურებს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის ცნობითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილს და ნონა თოდუას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წარადგენს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში თითქმის ორი თვეა დგას, თუმცა განხილვა და კენჭისყრა ამ დრომდე არ შემდგარა.
პარლამენტში არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ უმრავლესობა, მათ შორის ფრაქცია ”ქართული ოცნება”, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უმრავლესობა სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს
25/05/2016