ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პოლონელ კოლეგებს უმასპინძლეს. სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ქ. ქობულეთის და ქ.მილიჩის ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები გაიმართა, რაც ამ ქალაქების შემდგომი დამეგობრების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქ.მილიჩის მერს წარუდგინა ის ძირითადი ტურისტული და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც აჭარის ამ უმდიდრეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობისათვის შერჩეული სფეროები: სოფლის მეურნეობა, კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები, პროფესიული გადამზადებები, ფრინველების ფესტივალში მონაწილეობა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიები და ფრინველთა მიგრაციის ლოკაციები ქ.მილიჩისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც პოლონურ ქალაქ მილიჩში ტურისტებს სწორედ ამ მიმართულებით იზიდავენ.
დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი ქ.მილიჩში, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთსა და მილიჩს შორის ოფიციალურად გაფორმდება.
დღესვე, ოფიციალური დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ქვემო სილეზიის მარშალის ხელმძღვანელობით აგრო-სერვის ცენტრს ესტუმრა, სადაც სტუმრებისათვის ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ პოლონური დელეგაცია რეგიონში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. მიმდინარე 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა.
პოლონურ ქალაქ მილიჩსა და ქობულეთს შორის თანამშრომლობა დაიგეგმა
16/05/2016