პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „ხალხის ძალის” წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონპროექტი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისაკენ და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე მედიის წარმომადგენლებთან.
„ევროკავშირის 30-მდე ქვეყანა, რომელთან ერთადაც ამ კავშირში გაერთიანება გვინდა, ამ კანონით გამოცხადებულია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ქვეყნებად. ამაზე დიდი დარტყმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძნელად წარმოსადგენია,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჯგუფის წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და დააბრკოლებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის დაიკეტება ევროკავშირის კარი. ამ კანონის ინიცირება და მიღება, რისი განზრახვაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, არის დივერსია, მოწყობილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.