პოლიტიკოსებს, რომლებიც აპარატის თანამშრომლები არიან, შეუძლიათ ჟურნალისტებს კომენტარი მისცენ სადაც უნდათ, სხვა სივრცეში, თუმცა არა იქ, სადაც სივრცე გამოყოფილია პარლამენტის წევრებისთვის

05/10/2023

„ჟურნალისტებს არაფერი არ ეკრძალებათ, თუმცა აპარატის თანამშრომლებს, იგულისხმებიან პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან. ესეც ცალკე ანომალიაა, რომ ჩვენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გვყავს პოლიტიკური ლიდერები. მათ შეუძლიათ მისცენ კომენტარი სადმე სხვა სივრცეში, თუმცა არა იქ, სადაც გამოყოფილია სივრცე პარლამენტის წევრებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მისივე თქმით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჟურნალისტებისთვის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციის შეზღუდვის დაწესება ხდება, რაც მორიგი დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის შინაგანაწესს აპარატის თანამშრომლებისთვის. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგალითად „ლელოს“, „საქართველოსთვის“ ჰყავს პარტიის წევრები გაფორმებული აპარატში და ხელფასს იხდიან აპარატიდან, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის, რომ აპარატში პოლიტიკური პარტიის წევრები ჰყავდეთ, თუმცა როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, რომ არ იშლიან და პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ბრიფინგის ადგილებში დგანან და კომენტარს აძლევენ ჟურნალისტებს. საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტმა რამდენჯერმე გააფრთხილა, როგორც ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა, ისე თავად ის პირები, თუმცა აგდებულად ეკიდებიან აპარატს, ამბობენ, რომ მათ არავინ არ ეკითხება სად დადგებიან და ასე შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და კონკრეტული პოლიტიკური პირები დაასახელა.

„ეს წესი შემოდის, ვინაიდან თუ უნდათ დეპუტატობა ბატონ სერგო ჩიხლაძეს და ბატონ ბერდია სიჭინავას, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში, გახდნენ დეპუტატები და ექნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოს დროშასთან და პარლამენტის სიმბოლიკასთან მისცენ კომენტარი. მანამდე პრობლემა არ არის ჰქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ არა იმ ადგილებში, რომელიც გამოყოფილია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის. ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პარლამენტს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც პირადი „ეგოები“ და ტრიბუნასთან დგომის რაღაც ჭიის გახარება უნდა მოახდინოს ამა თუ იმ პარტიის წევრმა. მერე ხალხს ჰგონია, რომ ბატონები სერგო ჩიხლაძე და ბერდია სიჭინავა თუ სხვები, პარლამენტის წევრები არიან და შეიძლება სადმე მიდიან და ამით კიდევ თავს იწონებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მათ შორის, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თავად ჟურნალისტებს, რომლებმაც იციან, რომ ის ადგილი არის მხოლოდ პარლამენტის წევრებისთვის, თუმცა ასე უხეშად, უტიფრად მაინც დგებიან ტრიბუნასთან. ამის შემდეგ ეცოდინებათ, რომ ეს შინაგანაწესით არის მოწესრიგებული და თუკი ისინი თავს თვლიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლებად და ბიუჯეტიდან თუ უნდათ ხელფასის მიღება, დაემორჩილონ შინაგანაწესს, სხვა შემთხვევაში, დისციპლინური ზომები იქნება მიღებული მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0