„პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება

26/04/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აისახება. თბილისის მერმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსი, რომელიც ოთხსართულიანი ავარიული შენობაა, ახალი, ათსართულიანი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება. მისი განცხადებით, შენობის მწვავე ავარიულობიდან გამომდინარე არსებული საფრთხეების გამო, ადგილობრივი მცხოვრებლები მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

„წინასაარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ავარიული სახლების ჩანაცვლება იყო. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და მინდა მორიგი პროექტი გაგაცნოთ – ეს არის საცხოვრებლად უვარგისი შენობა, რომლის ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიას. 45 ოჯახი ქირით გვყავდა გაყვანილი, რადგან იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენდა. გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე და გვექნება შესაძლებლობა, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა აღნიშნული პროექტის მიმართ, რაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოვლინდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პროექტის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს.

„გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, უფრო მეტი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს. მაგალითად, 100 კვადრატულში ცხოვრობენ, თუმცა 15-20-30 კვადრატული მეტრით მეტ ფართს ითხოვენ, რისი უფლებაც არ გვაქვს. ეს კი პროექტის განხორციელებას აბრკოლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მზად ვართ, ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი სახლი და ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი კორპუსი აგიშენოთ – სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, გაგიყვანოთ ქირით, იჯარით, რომ არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწიოთ, ორი წლის თავზე კი, სრულიად ახალი, გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი კორპუსი გადმოგეცემათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც გაამახვილა. კერძოდ, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

„ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ. დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

„იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ ამ მიმართულებით არავის უფიქრია. ერთადერთი დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.

„პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შედეგების შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ავტობუსების შესყიდვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება.

„წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ, მომავალი წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის – 2024 წლის მეოთხე კვარტალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აღნიშნული ბაზა აუცილებელია 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის.

„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა. ავტობაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას მოიცავს.

„სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის 26 აპრილიდან 5 ივნისამდე (მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში)“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კომპლექსური სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა.

„საპილოტე პროგრამის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, დავით ჩაკვეტაძე წარუდგინა, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო დეპარტამენტში მუშაობს.

„მინდა, გაგაცნოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი დამსახურებული წევრი, დავით ჩაკვეტაძე – „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომელი, ინჟინერ-ენერგეტიკოსი, რომელმაც ენერგეტიკის სფეროში მუშაობა დაიწყო 1977 წლიდან. მისი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის მიმართულებით 45 წელს ითვლის, ხოლო თბილისის მერიაში უკვე 28 წელია მუშაობს. ამჟამად, დავით ჩაკვეტაძე ისნისა და სამგორის საექსპლუატაციო სამსახურის უბნის უფროსია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ბევრ საინტერესო და სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0