პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს

17/01/2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან ლელა ჯანაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს სამინისტროში მკაცრად კონტროლდება პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის, ხოლო მონაცემთა ბაზები დაცულია უკანონო წვდომისა და გამოყენებისგან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დეპარტამენტები და მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციები (სსიპ) მჭიდროდ თანამშრომლობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან. თავის მხრივ, ლელა ჯანაშვილმა მიხეილ ჩხენკელს ინფორმაცია მიაწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მისიის, ფუნქცია-მოვალეობების, არსებული გამოწვევებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კულტურის დანერგვაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და სამსახურის ინსტიტუციური ცნობადობის გაზრდას. შეხვედრას ესწრებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0