პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც იწყება – ამ თემაზე კონფერენცია ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გახსნა.
მან რეფორმის ძირითადი არსის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და დამსწრე საზოგადოებას პერინატალური რეგიონალიზაციის იმპლემენტაციის მოდელი დეტალურად გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მალე სამეგრელო-ზემო სვანეთში სამშობიარო დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ, რაც ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო. რეფორმა არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით მინიჭებას გულისხმობს. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას. რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა 1 წლის ვადით გაიცემა.
კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმებიც დაესწრნენ.
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში
14/07/2016