პენსიონერებს უმცირდებათ სესხის პროცენტი და სოციალური გასაცემელის მიმღები პირები, ნებისმიერ სერვისს, საკომისიოს გარეშე მიიღებენ

20/05/2022

სოციალურ გასაცემლებზე საბანკო მომსახურების სატენდერო კომისიამ, „ლიბერთი“ გამარჯვებულად გამოაცხადა. კომისიის სხდომა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. კომისიის წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს და შესაბამის ოქმს მოაწერეს ხელი. სატენდერო კომისიის წევრების თქმით, მთავარი საკითხები შესრულებულია – პენსიონერებს უმცირდებათ სესხის პროცენტი და სოციალური გასაცემელის მიმღები პირები, ნებისმიერ სერვისს, საკომისიოს გარეშე მიიღებენ.
სატენდერო პირობების თანახმად, საპენსიო სესხების პროცენტი, რეფინანსირებისა და 6-თვიანი ტიბრის [ეროვნული ბანკის ყოველწლიურად განახლებადი პროცენტი] საპროცენტო განაკვეთს + 15%-ია. დღეის მდგომარეობით, ეს არის არაუმეტეს 26%-ისა, რომელიც ადრე 30.6 % იყო. რაც შეეხება სერვისებს, სატენდერო პირობების თანახმად, „ლიბერთი“ ბენეფიციარებს, საკომისიოს გარეშე მოემსახურება, მათ შორის კომუნალურების გადახდის დროსაც. ასევე, ბანკი იღებს ვალდებულებას, პენსიონერებსა თუ სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე მისვლის მომსახურება შესთავაზოს. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის წევრები – ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამარ ბარკალია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, პარლამენტის წევრები პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ზარქუა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლის საბანკო მომსახურებაზე ტენდერი აპრილში გამოაცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0