პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს განათლების რეფორმის ფარგლებში ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ მართლწესრიგს ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს. ეს არის ის მცირე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ეს არიან ბავშვები, ეს არიან ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და ყველა საჯარო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეს. მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაშინ როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით. ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან მაშინ, როდესაც კაპიტალური ხარჯების ნაწილშიც ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვთქვით, რომ კაპიტალური ხარჯებიც გაიზრდება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.