პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესის გამო შეიცვლება სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტი

14/06/2017

„ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩის ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორც ჩვენ ეს მიმდინარე წელს დავგეგმეთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები.

„პეკინის ქუჩა სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია, სადაც დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაციის შესახებ. შესაბამისი რესურსები მობილიზებულია და სამუშაოები 16 ივნისიდან დაიწყება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გამო შეიცვლება სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტი. პირველ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

„ვაჟა ფშაველას გამზირის მხრიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს 26 მაისის მოედნამდე, ხოლო პირიქით მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და შემდეგ გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, მოძრაობის მარშრუტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ასევე მცირედით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები და გავრცელდება მოძრაობის განრიგი.თბილისის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ტრანსპორტის სამსახურს მისცა.

„მესმის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ის არაფერია იმ დიდ სიკეთესთან შედარებით, რასაც ამ პროექტის განხორციელებით ქალაქი მიიღებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა სექტემბრის დასაწყისში რეაბილიტაციის პროცესი დასრულდეს. გარდა ამისა, 26 მაისის მოედანზე დროებითი შტაბი იქნება მოწყობილი, საიდანაც მოხდება პროექტის ოპერატიული მართვა.

თბილისის მერის თქმით, გარდა პეკინის ქუჩისა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მხოლოდ დიდ დიღომში წლების განმავლობაში განადგურებული და დაზიანებული გზის ფუნდამენტური აღდგენა მიმდინარეობს. ასევე სამუშაოები ხორციელდება ისნის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში. ქალაქის კეთილმოწყობი და რაიონული გამგეობები სამუშაოებს პრაქტიკულად ყველა რაიონში ატარებენ. გამგეობები შიდა კვარტალურ გზებზე მუშაობენ, ხოლო კეთილმოწყობის სამსახური შედარებით მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს. ჩვენი ამოცანაა, წელსაც მინიმუმ 1,5 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დავაგოთ, რომელიც სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე წლის განმავლობაში ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0