პაციენტის მხრიდან, სამედიცინო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობას ამცირებს

25/04/2023

ჯანდაცვის სამინისტროში, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა, ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ, თანაგადახდის წილის ზედა ზღვრის დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სიახლე, პაციენტის მხრიდან, სამედიცინო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობას ამცირებს. ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის – 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, შეხვედრაზე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG სისტემის ბოლო რამდენიმე თვის ანალიზის შედეგებიც გააცნო. შეხვედრაზე, სახარჯი მასალების სტანდარტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დააწესა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ თენგიზ გენძეხაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ნიკოლოზ კობახიძე, სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შორის, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0