„ქართული ოცნების“ წევრი გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ პარტიებს, რომლებმაც კოალიცია დატოვეს, არჩევნებში ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კოალიციურ რეჟიმში მუშაობის დროს, ხშირ შემთხვევაში უკანა პლანზე იყო გადაწეული პარტიული ინტერესები.
„დადგა ახალი რეალობა და უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ჩემი აზრით, პარტიები, რომლებიც გავიდნენ კოალიციიდან, დამოუკიდებლად, ყველას გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, მაგრამ შეიძლება დაჯგუფდნენ თავისი ორიენტაციების, მისწრაფებების მიხედვით და ისე გავიდნენ არჩევნებზე. ამ რეალობაში მართლაც შეიძლება კარგი პარლამენტი მივიღოთ. პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალები, თუ საჭირო იქნება, გავერთიანდებით უმრავლესობებში, უმცირესობებში, სხვადასხვა თემების გარშემო, ეს არის ნორმალური პროცესი“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
რაც შეეხება საარჩევნო სიას, დეპუტატი აცხადებს, რომ ჯერჯერობით სია ჩამოყალიბებული არ არის.
„უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება სიები და ის ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.