პარლამენტში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

15/07/2022

პარლამენტში, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის ანგარიში, 2022 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სექტორის გამოწვევებსაც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, 31 მაისის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები 1 მილიარდ 126 მილიონი ლარია, რაც 8%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით, რაც 319,1 მლნ. ლარს შეადგენს.

„2022 წლის 5 თვის განმავლობაში ფინანსურმა მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 399,5 მლნ. ლარი, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით გაზრდილია ანაზღაურებული ზარალები და შეადგენს 186 მილიონ ლარს. კომპანიების სადაზღვევო მოგება 77 მილიონ 300 ათასი ლარია, ზრდა 14%–ია. ხოლო წმინდა მოგება 9 მილიონ 400 ათასი ლარია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და მოგების შემცირების მიზეზებიც განმარტა.

მისი თქმით, წმინდა მოგების შემცირება სადაზღვევო მოგების ზრდის ფონზე გამოწვეულია ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სადაზღვევო სფეროში ჯანსაღი კორპორატიული მართვის თანამედროვე მეთოდების და ელემენტების დანერგვა, მათ შორის კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში.

„სადაზღვევო სფეროს ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნია, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი, საჭიროა დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტის შემოღება. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთ TWINNING-ის პროგრამის შედეგები“, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0