პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე დასწრების გადაწყვეტილებას მთავრობა კოლეგიურად იღებს

15/01/2016

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე აღმასრულებელი ხელისუფლების დასწრების გადაწყვეტილებას მთავრობა კოლეგიურად იღებს, – ამის შესახებ წულუკიანმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა თებერვლის დასაწყისში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში.
“ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა კოლეგიურად”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება.
პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს. ამ თემაზე საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე გაიმართება კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0