პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, ცოტნე ყავლაშვილმა აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და უწყების მიერ ჩატარებული აუდიტების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში უწყებამ 49 აუდიტი დაასრულა და ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 90%-მდე გაიზარდა. მომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ზღვრამდე ასვლა პირველად მოხდა, რაც საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტს წარმოადგენს და უწყების ეფექტური საქმიანობის მაჩვენებელზე მიუთითებს. ცოტნე ყავლაშვილმა ჩატარებული აუდიტების მიმართულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 49 აუდიტიდან 11 ფინანსური აუდიტი, 19-შესაბამისობის აუდიტი, 3 – უწყებათაშორისი, ხოლო 16 – ეფექტიანობის აუდიტია.
„საერთო ჯამში, 2021 წელს ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სხვადასხვა უწყებაში ძირითადად ხუთი სისტემური მიმართულებით არის საინტერესო. ეს მიმართულებებია: საბიუჯეტო სახსრების გამოყენების ეფექტიანობა, ეკონომიურობა, მიზნობრიობა, შესყიდვების პროცესი და აქტივების მართვის საკითხები. 2021 წელს მაღალი რისკების შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის, სამართალდამცავ ორგანოებს 19 აუდიტის ანგარიში გადაეგზავნათ. პროკურატურის ინფორმაციით, 13 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება, 5 შემთხვევაში-მიწოდებული მასალები დაერთო არსებულ გამოძიებებს, ხოლო ერთ ანგარიშზე გამოძიება არ დაწყებულა“, – განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.
მომხსენებელმა 2021 წელს ჩატარებული აუდიტების ფარგლებში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა და დეპუტატებს ის კონკრეტული ფაქტები გააცნო, რომლებიც აუდიტის პერიოდში გამოვლინდა. ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტთან არსებულ თანამშრომლობის ფორმატებზეც ისაუბრა და მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა აღნიშნა.
„პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა აუდიტის ჯგუფი, რომელიც ჩვენს ანგარიშებს განიხილავს და გასცემს რეკომენდაციებს. 2018-2022 წლებში მუდმივად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რაოდენობა და ამ პერიოდში ჯგუფმა 65 აუდიტის ანგარიში განიხილა. მათ შორის, 2021 წელს აუდიტის ჯგუფმა 22 აუდიტის ანგარიში, რის შედეგადაც შესრულდა სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებელი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები აუდიტორული მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები პარლამენტის კომიტეტებს შესაძლებლობას აძლევს ეფექტიანად იმუშაონ უწყებებთან და საპარლამენტო ზედამხედველობა ადექვატურად განახორციელონ“, – განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და მათთვის საინტერესო თემებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა. საკითხის თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კოლეგებს კომიტეტის დასკვნა გააცნო.
„კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის წლიური ანგარიში 14 ივნისს განიხილა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად იქნეს მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.