პარლამენტმა „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

15/12/2023

პარლამენტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი 83 ხმით მიიღო. პლენარულ სხდომაზე საკითხი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა და ძირითადი ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომლებიც საპარლამენტო კომიტეტებში განხილვების შედეგად, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახა.
2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში; ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2,8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტია – 2,5%; ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს – 38.0%-ია. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 110 მილიონი ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ზრდა კი 106,6 მილიონი ლარია.
საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი განისაზღვრება 28 357 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 22 053 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებია. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 28 706 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ მაჩვენებელს, ის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 398.5 მლნ ლარით და 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მის წინა ვარიანტთან შედარებით 166.6 მლნ ლარითაა გაზრდილი. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა კი 25 030.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 719.1 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტთან შედარებით – 165 მლნ ლარით. აღნიშნული დამატებითი თანხიდან 10 მლნ ლარი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს ემატება და იგი 90 მლნ ლარი გახდება; 6 მლნ ლარი ემატება დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს (თბილისის ავტობუსების პროექტი); 450 ათასი ლარით იზრდება საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება.
29.2 მლნ ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემატება, საიდანაც: 15.0 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამას ემატება; 14.2 მლნ ლარი – მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას (გადმოტანილია მიზნობრივი ტრანსფერებიდან); 3 მლნ ლარი ემატება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვას;
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით იზრდება – ფონდის მოცულობა ჯამში 580 მილიონი ლარი იქნება. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ჯამური თანხის 30% – 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება.

„ამასთან, 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% – 2,9 მილიარდი ლარი – თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე – 940 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, 2023 წლის ბოლოსთვის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა ის მაჩვენებლები და პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0