პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

24/06/2020

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. მომხსენებლის თქმით, ქვეყანას წლის დასაწყისში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები ჰქონდა, გასულ წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა უფრო მაღალი, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო დაგეგმილი, შესაბამისად, გასულ წელს შესაძლებელი გახდა, მათ შორის, ისეთი პარამეტრების შემცირება, როგორიც არის ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები გამოწვეულია კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე. მან დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და სექტორების მიხედვით დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტს, იმ კომიტეტებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ბიუჯეტის შემუშავებაში და ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა ექნება წარმოდგენილ ცვლილებებს, რაც შესაძლებლობას მისცემს მთავრობას სრულყოფილად დააფინანსოს ანტიკრიზისული გეგმა.

„ამ ბიუჯეტზე დამოკიდებულია საქართველოში ამ კრიზისის პერიოდში თუ როგორ იარსებებს ჩვენი ეკონომიკა და მოსახლეობა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის სოციალური ნაწილია, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი – „რამდენადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ იზომება სოციალური მდგენელით. მან გაიხსენა, რომ 2019 წლის ბიუჯეტით სოციალური მდგენელი ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა პროგრამებზე გათვალისწინებული იყო ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 30%-ის ფარგლებში. დეპუტატი დაინტერესდა კონკრეტული ციფრებით როგორაა ასახული სოციალური პროგრამები წარმოდგენილ პროექტში.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების მრავალრიცხოვან შეკითხვებს. მათ შორის, რთველის სუბსიდირების, საგარეო ვალის შემცირების ტენდენციების და სხვა საკითხებზე. თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლისას თავისი და კომიტეტის პოზიცია წარმოადგინა კანონპროეტთან დაკავშირებით.

„2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას. ანტკრიზისული გეგმა და შესაბამისად ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს როგორც კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას, ასევე სოციალურ მიმართულებებს, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის დახმარებებს და ბიზნესის მხარდაჭერასაც, ამავე დროს, იგი ქმნის სასტარტო პირობებს, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ეკონომიკა მალევე იქნას გადაყვანილი სწრაფი განვითარების რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. როგორც მან აღნიშნა, პანდემიის შედეგად გვაქვს როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის შოკი, რაც იწვევს ეკონომიკის შემცირებას, სწორედ ამან განაპირობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.

„გასულ წლებში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, სავალუტო ფონდთან წარმატებით განხორციელებულ პროგრამასთან ერთად იყო ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა უმოკლეს დროში საერთაშორისო ინსტიტუტებთან მიგვეღწია შეთანხმებას საქართველოსთვის დამატებით 1,5 მლრდ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე“, – თქვა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ვალის შემდგომი ზრდის კონტროლის მნიშვნელობას.

„სამომავლოდ, აუცილებელია სახელმწიფო ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკის მდგრადი განვითარება. მთავრობამ, კონკრეტულად კი, ფინანსთა სამინისტრომ გასწია შრომატევადი და მოცულობითი სამუშაოები, თუმცა რეალობა ყოველდღიურად იცვლება რაც კიდევ უფრო ართულებს მათ საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკფაქტორების გათვალისწინებით გაწერილია თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ფართოვდება იმ ადამიანთა წრე, ვინც დახმარებებს მიიღებს. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების თაობაზე ეროვნული ბანკის დასკვნა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ირაკლი მესტვირიშვილმა გააცნო პარლამენტს. ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური აუდიტორის დასკვნა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა წარმოადგინა. პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ წარმოადგინა. კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრება ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის ახალი სახე – აზარტული ანდა მომგებიანი თამაშების მიწოდება და ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტები. ასევე, კანონპროექტით წესრიგდება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის, აზარტული ანდა მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხები. წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემა, რომლითაც საზოგადოება იწამლება და ეს აისახება ოჯახების სოციალურ სიდუხჭირეში, ოჯახურ კონფლიქტებში, რასაც ხშირად მოჰყვება განქორწინებები, სუიციდის შემთხვევებში. მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მის მიერ 2019 წლის ნოემბერში დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ პარლამენტმა არ განიხილა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა აიკრძალოს ამ სფეროს რეკლამა, დაწესდეს ცენზი, გაიზარდოს გადასახადები. ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტისგან, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, მის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა მოითხოვა.
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრს, ადა მარშანიას მიაჩნია, რომ საქართველოში ჩამოსულ ადამიანებს პირველი რაც თვალში ხვდება უზარმაზარი ბანერებია კაზინოების რეკლამებით, რაც უნდა აიკრძალოს. მისი თქმით, ის ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით: „ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, არის მიდგომები, სწორი ხედვა, ყველასთვის მისაღები და მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნიდან უკონტროლოდ გაედინება ვალუტა, თანხა და არ არის კონტროლი საგადასახადო სისტემაზე. ეს მოგვარდა და მეორე, სოციალური ნაწილია, რომელიც უნდა მოგვარდეს. მზად არის ყველაფერი, დევს. ამიტომ, მუშაობაა საჭირო და ამას ვერ შეცვლის ეს ემოციური განცხადებები, რომელიც თითქოს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის“. გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი და მზადაა დოკუმენტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია.

„ამ თემას აქვს ორი ნაწილი – ერთი არის საბიუჯეტო ზედამხედველობა და კონტროლი და შეიძლება მომავალში გატანაზე და ლოკაციის შეცვლაზე ვისაუბროთ. რეკლამა არც მე მომწონს – შემოდიხართ და საქართველო, ასეთი დიდი კულტურის, დიდი წარსულის არაჩვეულებრივი გარემოს და ხალხის ქვეყანა წარმოდგენილია, როგორც გემბლინგის ადგილი, მაგრამ ეს ყველაფერი წერია კანონპროექტში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას. არ არის ისე, რომ აიღო და ჩაკეტო. ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება, ისე როგორც იატაკქვეშ გადავიდა ამერიკაში თავის დროზე ალკოჰოლის გაყიდვა და მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდა. ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა, როგორ შეიძლება ყველაფერზე ასეთი განცხადებების გაკეთება და კიდევ მიანიშნო და ხალხი გააღიზიანო, რომ ვითომ ამის ინტერესი ვინმეს გააჩნდეს. ამ საკითხზე ვმუშაობთ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფის არსებობა თავისთავად არაფერია, თუ დოკუმენტი არ დევს. დოკუმენტიც დევს, ყველას წინადადებები გათვალისწინებულია. რეგულირებაა საჭირო, ისეთი თემის, რომელსაც როგორც კი ჩაჭრი, გადავა ისეთ სუბსტანციაში, რომელსაც ვეღარც ჩაჭრი და იქეთ შეიძლება ხელი მოგაჭრას თუ თავი არა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით გამოსვლისას თემურ გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუ გაჩერდება ეს ბიზნესი, ის აუცილებლად გადავა იატაკქვეშეთში. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი კვლევების ჩატარება აღნიშნული საკითხის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით. რათა ისეთი კანონი მივიღოთ, რომ ყველა მხარე იყოს კმაყოფილი. „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა იმ ელექტრონული სისტემის შეზღუდვა, რომელიც ფულის გათეთრებას თავიდან აგვაცილებდა, მაგრამ მთავარია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელმაც უნდა დაიცვას არასრულწლოვანებიც და ზრდასრული ადამიანებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტი განიხილავს აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ ადმინისტრირების ნაწილს. რაც შეეხება მეორე – სოციალურ ნაწილს, მისი თქმით, „ამაზე პარლამენტი მუშაობს – ფრაქცია „ქართული ოცნება“ მუშაობს“. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, რეგულაციების მიზანი სექტორის ფინანსურ, საგადასახადო ნაწილზე სახელმწიფოს მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელებაა.

„ამ თემას აქვს ორი ნაწილი – ეს არის ადმინისტრირების ნაწილი, რაც დღეს განიხილება და მეორე – სოციალური ნაწილი, რომელზეც ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ. ამიტომ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ – დღეს ჩვენ განვიხილავთ ადმინისტრირების ნაწილს, რომელიც ბატონმა ლევან გოგიჩაიშვილმაც აღნიშნა, რომ სწორი ნაბიჯია, მეორე ნაწილია სოციალური ნაწილი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. ფრაქცია „ქართული ოცნება“ მუშაობს, პრაქტიკულად, შეთანხმებულია უკვე ის ინიციატივები, რომელიც აქ შეიძლება ეფექტური და სასარგებლო საზოგადოებისთვის, მათ შორის, ის იდეებიც, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ამიტომ, გთხოვთ, რომ საქმიან რეჟიმში გააგრძელოთ ამაზე მუშაობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა 9 წევრამდე გაზრდას, რაც შესაძლებლობას მისცემს ეროვნულ ბანკს ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და კიდევ უფრო ქმედითად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის, სესხის გამცემი სუბიექტის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის და რეგულირების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. მისი თქმით, პირველი მოსმენის შემდგომ შენიშვნები არ გამოთქმულა და კანონპროექტი უცვლელადაა წარმოდგენილი. სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები. პროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციებს ემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პირველი მოსმენით წარადგინა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს აწესრიგებს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველთან დაკავშირებულ საკითხებს. მომხსენებლის განმარტებით, ეს ცვლილება იმოქმედებს მხოლოდ მიმდინარე წელს, რამდენადაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონის პროექტის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხას ემატება ახალი ნივთიერებები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტი. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს პროექტი)“ რატიფიცირების შესახებ“; პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ რატიფიცირების შესახებ“; ასევე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III)“ რატიფიცირების შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)“ რატიფიცირების შესახებ“.
გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში წარმოადგინა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“. მან დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, მიმოიხილა 2019 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და სხვა მონაცემები. საკითხის ამოწურვის შემდეგ თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ შეაფასა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და განაცხად, რომ გასული წელი შეიძლება წარმატებულ წლად ჩაითვალოს.

„თუმცა სულ ვიმეორებ, რომ ჩვენი მოსახლეობისათვის ძირითად გამოწვევად გასულ წელს ლარის კურსი და ინფლაცია წარმოადგენდა. 2019 წელს ბიუჯეტის შესრულებამ შექმნა კარგი სასტარტო პირობა 2020 წელს ინკლუზიური და სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, მარგამ, სამწუხაროდ კოვიდ ინფექციამ, მსოფლიო პანდემიამ რეალობა შეცვალა, შეცვალა ამოცანები, პრიორიტეტები და მიზნები“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენება გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა წარმოადგინა სხდომაზე. პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება და განისაზღვრება პენსიის გაანგარიშების წესი. ახალი რედაქციის თანახმად, ნომინალურ გამოხატულებაში პენსიის ოდენობა კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრება, თუმცა ახალი რედაქციით უკვე განისაზღვრება, კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც გამოითვლება პენსიის ოდენობა. მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი შემუშავებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, რომელიც მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სრულ ჰარმონიზებას ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან. კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ წარმოადგინა. მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტი. პროექტით წესრიგდება ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძვლებთან, დემპინგის დადგენასთან, წარმოების ღირებულებაზე დაბალ ფასში არსებულ გაყიდვებთან, ჯამურ ხარჯებთან, საექსპორტო ფასთან, ფასთა სამართლიან შედარებასთან და შედარების მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პირველი მოსმენით წარმოადგინა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა. მისი განმარტებით, პროექტით წესრიგდება ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებასთან, საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგების ანაზღაურებასთან, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობასთან და სატარიფო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მეორე მოსმენით გამოიტანა კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები კოლეგებს პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ წარუდგინა. პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში გამოყენებული ტერმინის – „ადგილობრივი თვითმმართველობა“ შეცვლას ტერმინით – „მუნიციპალიტეტი“, რითაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი შესაბამისობაში მოდის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0