პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

29/06/2023

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. დეპუტატებს ანგარიში შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ გააცნო. მისი განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2021 წლის პირველი იანვრიდან სრული მანდატით ახორციელებს ზედამხედველობას შრომით ნორმებზე, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომის კოდექსითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების უზრუნველყოფაზე.

„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში შრომის კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ჩვენ მივიღეთ 3 ახალი დირექტივა, რომელიც გააუმჯობესებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს ქვეყანაში. ამით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპული ოჯახისკენ. ზოგადად, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა შრომის უფლებების რეალიზაციის კუთხითაც“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება, მათგან პირველადი ინსპექტირება ჩატარდა 1147 ობიექტზე, როგორც გეგმურად, ასევე საჩივრების საფუძველზე. გაიცა 8728 მითითება და ჯამში შედგენილია 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, ფაქტობრივად, ყველა ეკონომიკური სექტორი შემოწმებულია. ბექა ფერაძემ ასევე ისაუბრა შრომის უფლებებზე ზედამხედველობის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ შრომის უფლებების მიმართულებით 1024 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა, შედგა 632 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გაიცა 3369 მითითება. რაც შეეხება საკანონმდებლო და ნორმატიულ სიახლეებს, შემუშავებულია და საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია 17 ნორმატიული აქტი. ოთხ ევროდირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ტექნიკური რეგლამენტი. ​მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და შრომითი ნორმების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე. ​როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება იმ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მიღება, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის შრომის უფლებების დაცვისთვის, ასევე შრომის ინსპექციის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობისა და ხელშეწყობისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0