„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა 88 ხმით დაუჭირა მხარი. რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მიღებული ცვლილებებით, ახლებურად წესრიგდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენასთან, მსხვერპლის უფლებებთან, მისი სოციალური დაცვის და შრომით გარანტიებთან, მხარდაჭერის მომსახურებებთან, მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები. მიღებული კანონი ეხება, მათ შორის, თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით სარგებლობის საკითხს, – კერძოდ, მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდა. ცვლილებების მიღებით კანონმდებლობა, სტამბოლის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოდის. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, თეონა აქუბარდია, რამინა ბერაძე და რატი იონათამიშვილი.
პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა
22/12/2022