პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო

16/04/2024

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. სხდომაზე კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომელიც გულისხმობს, რომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ დაფინანსებას წლის განმავლობაში 20%-ზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც დეტალურად იქნება მითითებული წინა წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები.

„ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრია მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს. არც ერთი აკრძალვა და შეზღუდვა, რომელზეც ამ დღეებში იყო საუბარი, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის. სხვა ქვეყნების კანონპროექტებისგან განსხვავება არის ასევე ის, რომ რამდენიმე ქვეყანაში ფიზიკური პირიც, რომელიც უცხოეთიდან იღებს შესაბამის დაფინანსებას, ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში. საქართველოში ამ კანონის მიღების შემდეგ ის არც ერთ ფიზიკურ პირს არ შეეხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის სხდომაზე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი „ოკუპანტი ქვეყნის − რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა წარადგინა. პროექტით განიმარტება ტერმინები – „ოკუპანტი ქვეყნის ძალა“ და „ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი“. იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. მეორე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განსაზღვრავს გრანტის მიმღებ ორგანიზაციათა წარდგენილი ანგარიშგების ადმინისტრირებასა და საჯარო ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ ორგანოს, კერძოდ – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0