პარლამენტმა, პლენარული სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა. ანგარიშში მოცემულია ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვა და აუდიტირებულ ფინანსური ანგარიშგება.
„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შენარჩუნებას 3%-თან ახლოს. ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკაა. ინფლაციის თარგეთირება შესაძლებლობას იძლევა, რომ ფასების სტაბილურობა საშუალოვადიან პერიოდში იყოს მიღწეული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი შოკები, რომელთა გავლენითაც ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადაიხაროს.
„მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობასა და, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში დასაქმების შემცირებას გამოიწვევს. ამასთანავე, როგორც კვლევები აჩვენებს, მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაცემას ეკონომიკაზე გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის დაშვება იმ შემთხვევაში, თუ საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებული ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება, ხოლო თუ აღნიშნული ტიპის შოკი გაზრდის ინფლაციის მოლოდინებსა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი შესაბამისად შეცვლის პოლიტიკას“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 2017 წლის განმავლობაში ეგზოგენური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ინფლაციის მაჩვენებელზე. 2018 წლის დასაწყისში კი, წინა წელს თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გაზრდის გავლენა ინფლაციაზე ამოიწურა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს მიმდინარე წელსაც.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება.
„ამ კუთხით, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა; 2018 წლის ივლისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნის 25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20 პროცენტისა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემთხვევაში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მთლიანი სესხების დედოლარიზაციის ტენდენცია შენელდა და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა კიდეც.
„აღნიშნული უკავშირდებოდა საბანკო სექტორში არსებულ უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევდა ბაზრისთვის უცხოური ვალუტით შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შეეთავაზებინა. მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დეკემბერში 56.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 63.1 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო სექტორის აქტივობის, კერძოდ კი საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების, მატების კუთხით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2018 წელს ეროვნული ბანკი აგრძელებდა საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას.
„საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია. წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები მხოლოდ შესყიდვის მიმართულებით ხორციელდებოდა და მთლიანმა შესყიდვამ 197.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკი ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გაცვლითი კურსი მყარდება“, – განაცხადა კობა გვენატაძემ.
მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2018 წლის მანძილზე, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მაქსიმალური ჩართულობით, აქტიურად მუშაობდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემუშავებაზე.
„მომზადდა ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება, რომელიც სრულად დაფუძნებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე და გულისხმობს დაკრედიტების პროცესში ისეთი სტანდარტების გამოყენებას, რომ მსესხებელმა ფინანსური სიძნელეების გარეშე შეძლოს სესხის მომსახურება. სავალდებულო გახდა სესხის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი, რაც გულისხმობს მათი შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების შესწავლას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებაშიც აისახა.
„რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით. მომხსენებლის განცხადებით, 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. კერძოდ, საერთო ჯამში, 2018 წელს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კორპორაციული სექტორის მიერ მოხდა 714 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვება, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 49%-ით აღემატება.
„დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი ჯილდო აიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პოლიტიკისა და პრიორიტეტების სწორ მიმართულებას. მოსახლეობის ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმული არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისა და განხორციელებული პროექტის საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის „ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე“ (Global Inclusion Awards), რომელიც 2012 წლიდან იმართება, რეგიონული „ქვეყნის ჯილდოს“ კატეგორიაში გაიმარჯვა. ამასთანავე, მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
„ეროვნული ბანკი, უპირველეს ყოვლისა, სარგებლობს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით. ამის დასტური იყო, ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქალბატონ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში და მისი მხარდაჭერა ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ასევე წამყვანი ფინანსური გამოცემის Global Finance-ის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ბატონი გვენეტაძის დასახელება ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველთა შორის, მაგრამ, მინდა ქალბატონ ლაგარდის გამონათქვამს დავესესხო, რომ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ რეფორმებისაგან. ეროვნულმა ბანკმა და მისმა ხელმძღვანელობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ დროული და ადეკვატური პასუხები გასცეს არსებულ გამოწვევებს და გამოწვევები, რომ ჩვენ გვემატება და იზრდება დღევანდელი არსებული სიტუაციაც მოწმობს – ტურისტულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელიც დოლართან დაკავშირებით დღეს ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა ეროვნული ბანკის 2018 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიში და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი დამტკიცება პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის წევრებმა 80 ხმით, ერთხმად, დაამტკიცეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე.
პლენარულ სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოდგინა.
მომხსენებელმა წარადგინა ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტს უკავშირდება.
მისი განცხადებით, გასულ წელს ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4,5% – ის ოდენობით ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა წლის პირველ ნახევარში ზრდის მაჩვენებელი იყო უფრო მაღალი, წლის მეორე ნახევარში შედარებით დაბალი და საბოლოო ჯამში წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საგარეო ვაჭრობაში საქონლით ვაჭრობამ გასულ წელს ჯამში შეადგინა 12 473 მლნ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი იყო 3 355 მლნ დოლარი, რაც 22.6%-ით მეტია, 2017 წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 9 118 მლნ დოლარი, რაც დაახლოებით 14.9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მისივე თქმით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით ევროკავშირია.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 19%-ით და 3 222 მლნ დოლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასულ წელს ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც დაახლოებით გაიზარდა 15%-ით და 1 350 მლნ დოლარი შეადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტი 101%-ით შესრულდა და 10 506 მლნ ლარი შეადგინა. მისივე თქმით, 2018 წელს კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 8.8% მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც 3.6 მილიარდი ლარია.
გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვითი კატეგორიები ყველა შესრულებულია.
„გადასახადების კუთხით შესრულება არის 100.1%, რაც 9 696 მლნ ლარია. გრანტების სახით მივიღეთ 404 მილიონი ლარი და 119%-ია შესრულება, ხოლო სხვა შემოსავლებში 114% -ია შესრულების მაჩვენებელი, რაც 495 მილიონი ლარია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, გასულ წელს საგარეო ვალდებულებებზე მიემართა 983.6 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 279.3 მილიონი ლარი.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯვითმა ნაწილმა შეადგინა 12 590 მლნ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილი მაჩვენებელის 100.8%-ია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თითქმის ყველა უწყებაში შესრულების მაჩვენებელი მაღალია.
პლენარულმა სხდომამ 78 ხმით, ერთხმად, დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე“.
დღესვე, პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში მოისმინა, რომელიც პლენარულ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავა წარადგინა. პლენარულმა სხდომამ ცნობად მიიღო აღნიშნული ანგარიში.
პარლამენტის წევრებმა, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, განიხილეს კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელითაც კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად 2019 წლის 1 ნოემბერი განისაზღვრება.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, თავის დროზე კანონში განხორციელდა ცვლილება და მისი ამოქმედება 2019 წლის პირველი იანვრიდან გადაიწია პირველ ივლისამდე, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი გარდაიქმნა სახელმწიფო ინსპექტორად და შესაბამისად, სამსახურს ჰქვია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
„მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენ ავირჩიეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და მოგეხსენებათ ისიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ეს გახლავთ: პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კონტროლი და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის საგამოძიებო ქვემდებარეობა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ უზრუნველყოფასთან, რომელიც პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, კერძოდ, საგამოძიებო ქვემდებარეობა. თუმცა, იმისთვის, რომ ამ სამსახურმა შეუფერხებლად იფუნქციონიროს, საჭიროა მისთვის შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა. აქ საუბარია, როგორც შესაბამისი ფართის გადაცემაზე, ასევე შესაბამისი თანხის გამოყოფაზე იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ფართი აღჭურვილი იყოს იმ ტექნიკით, რომელიც აუცილებელია საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისთვის და ასევე, შესაბამისი გამომძიებლების შერჩევის, მათი გადამზადების და შემდგომ მათთვის კონკრეტული დავალებების დაკისრებისთვის. ვინაიდან საქართველოს მთავრობის მხრიდან ჯერ არ მომხდარა თანხების გამოყოფა, თუკი ჩვენ ამ საკითხს არ გადავავადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით ფაქტის წინაშე, რომ კანონი შევა ძალაში, ექნება საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუმცა არ ეყოლება არც გამომძიებლები, არც საგამოძიებო ტექნიკა, არც შესაბამისი გამომძიებლები გადამზადებით და არც შესაბამისი ფართი, სადაც უნდა განახორციელოს თავის საქმიანობა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის წევრებმა 81 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იქნა განხილული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადებისთვის, გამოყენებისთვის, საქართველოში შემოტანისთვის, გადაზიდვისთვის ან საქართველოდან გატანისთვის. კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა – 150 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. პლენარულმა სხდომამ 82 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.
ირაკლი სესიაშვილმა, პლენარულ სხდომაზე, ასევე წარადგინა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. სხდომამ ცნობად მიიღო წარმოდგენილ ანგარიში.
პლენარულმა სხდომამ პირველი მოსმენით განიხილა და 86 ხმით მიიღო კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, სპორტული ავტომანქანა არის ერთადერთი „სპორტული ინვენტარი“, რომელიც იბეგრება აქციზით და თუ ეს ცვლილება არ იქნება მიღებული 2-3 წელიწადში საქართველოში სპორტული ავტომანქანა პრაქტიკულად აღარ იქნება.
„აქედან გამომდინარე, შესაბამის ფედერაციასთან კონსულტაციების შედეგად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავათავისუფლოთ საერთოდ აქციზის გადასახადისგან ის ავტომფლობელი, რომელიც ჩამოიყვანს ავტომანქანას და გადააკეთებს მას სპორტული დანიშნულების ავტომანქანად, მიიღებს შესაბამის ცნობას/დასკვნას ფედერაციისგან და ამას წარადგენს შესაბამის ორგანოებში. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება გადასახადისგან გათავისუფლება“, – აღნიშნა მომხსენებელმა.
კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსის 8705 სასაქონლო პოზიციაში მითითებული მსუბუქი ავტომობილის, რომელიც „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არის სპორტული დანიშნულების, აქციზის გადასახადი განისაზღვრება 100 ლარით.
დეპუტატებმა, ასევე პირველი მოსმენით განიხილეს თანმდევი კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის მიხედვით, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ ემატება 11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სპორტული დანიშნულების ავტომობილის ცნება: მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული სტატუსის მქონე საავტომობილო სპორტის ფედერაციის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსი დასტურდება საქართველოს ეროვნული სტატუსის მქონე საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ გაცემული სპორტული დანიშნულების ავტომობილის ტექნიკური პასპორტით. კანონპროექტი 82 ხმით იქნა მიღებული.
დღესვე, პარლამენტმა:
86 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონიპროექტი ითვალისწინებს, დევნილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო დევნილის შემწეობის შეწყვეტისთვის გათვალისწინებული ვადის ცვლილებას. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, შემწეობა შეწყდება თუ დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ. აღნიშნული ვადა დღეს მოქმედი კანონის თანახმად არის 2 თვე. კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრი ადა მარშანია.
80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმად სავალდებულო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები.