პარლამენტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას: „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის; უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის და არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის ან რეექსპორტის ან ასეთი პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
„ეს არის საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი ცვლილებები და მთელი რიგი მიმართულებებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს “, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.