საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 6 თვის საქმიანობის მიმოხილვა პარლამენტის წინაშე სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ წარადგინა და დეპუტატებს სტატისტიკურ მონაცემების, ასევე დეპარტამენტების და სამსახურების მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დეპუტატებს 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულთა და დამსაქმებელთა რაოდენობა გააცნო. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში 5,289 დამსაქმებელი და 56,357 დასაქმებული გაწევრიანდა. შედეგად, საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,292,246 შეადგინა, ხოლო საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,436,907,086 ლარი იყო, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა, კი 335, 679,787 ლარი შეადგინა. მან საინვესტიციო ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროცესებზე ისაუბრა და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლისთვის მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)“ პრინციპების შესაბამისად. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიში შეაფასა. მისი განცხადებით, სააგენტოს გამართულ საქმიანობაზეა დამოკიდებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფა.
„განხორციელებული იდეა ამ სააგენტოს შექმნისა, რომელიც ცოტა გრძელვადიანად იძლევა შედეგებს და მისი საქმიანობა უნდა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, რომ სწორად გაიმართოს და გარკვეული წლების შემდეგ ამან ბიუჯეტსაც და უშუალოდ ბენეფიციარებსაც, უზარმაზარი სოციალური შეღავათი მისცეს. სააგენტო ერთმნიშვნელოვნად სწორად, გამართულად ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ წარმოუდგენლად რთული პერიოდი დაემთხვა მისი შექმნის პირველივე დღიდან. მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია ახერხებს წარმატებით შეასრულოს ის ფუნქციები, რომელიც მასზეა დაკისრებული, ეს, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.