პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით განიხილეს და 81 ხმით მხარი დაუჭირეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. ცვლილების თანახმად, საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი. პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლს ემატება 135-ე და 140-ე ნაწილები, რომლითაც უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის – უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს. კანონპროექტი პარლამენტის წევრებმა ლევან კობიაშვილმა და ირაკლი მეძმარიაშვილმა მოამზადეს.
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
18/05/2023