პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილები მესამე მოსმენით მიიღო

13/12/2023

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან და მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი. კანონპროექტის თანახმად, სუბიექტებზე აღნიშნული საგადასახადო შეღავათი, აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში გავრცელდება და იგი მხოლოდ იმ სუბიექტებს შეეხებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.

კანონპროექტით მოხდება 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის ჩამოწერა. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმ პირთა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები; აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსს გარდამავალი ნორმა დაემატება.
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პარლამენტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა. ​მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირების ჯამური დავალიანება 2.8 მლნ. ლარს შეადგენს და ეს ის ლიცენზიანტები არიან, რომლებმაც გარკვეული მიზეზებით, მათ შორის, კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების მოპოვება ვერ განახორციელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0