პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობის ინიციატივა რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანასთან, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევასთან, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვასთან, დაკარგვასთან ან განადგურებასთან და საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს. შესაბამისი ცვლილებები შედის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და კანონის პროექტით, საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, პროექტის მესამე მოსმენისთვის წარდგენილი ტექსტი რედაქციულად დაიხვეწა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით.
პარლამენტმა „საბაჟო კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა
05/04/2023