პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით „პენიტენციური კოდექსი“ მიიღო. „ახალი „პენიტენციური კოდექსი“ კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროგრესულობას აღმოაჩენს და შეიძლება ითქვას, რომ იგი მხარს უბამს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე არაერთ ინოვაციურ პროექტს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, ამ ინოვაციური პროექტებიდან აღსანიშნავია თუნდაც ციფრული უნივერსიტეტი, ვინაიდან ამ თვალსაზრისით „პენიტენციური კოდექსი“ უმაღლესი განათლების მიღების გაზრდილ შესაძლებლობებს მოიცავს. შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება. ასევე ჩნდება დასაქმების და ზოგადად, სარეაბილიტაციო პროგრამების გაზრდილი არეალი.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პატიმართა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პრინციპი არის ხაზგასმით წარმოდგენილი. ამის თუნდაც ერთ-ერთი ინდიკატორი ის არის, რომ თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის უფლება, რომელსაც პატიმართა გარესამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქვია, აქაც არის მთელი რიგი ცვლილებები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი „პენიტენციური კოდექსი“ ასევე ქმნის ძალიან ხელშესახებ გარანტიებს იმისათვის, რომ პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, რომლებიც სისტემის მოსამსახურეებისათვის შემოდის.
„საბოლოო ჯამში, კოდექსი ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პენიტენციური სისტემის ეფექტიანობა იყოს კიდევ უფრო მეტად ამაღლებული. აღნიშნული კოდექსი მართლაც არის ევროპული ყაიდის სამართლებრივი დოკუმენტი, საკანონმდებლო აქტი, რომელიც ყველა ასპექტში ღირსება დაცული ადამიანის, როგორც მართლაც უზენაესი ღირებულების იდეას ეფუძნება“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.