ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები განიხილეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საკითხი არა მხოლოდ სამართლებრივია, არამედ გარკვეულ სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
„კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწა. აღნიშნული ცვლილები დაკავშირებულია განჭვრეტადი საკანონმდებლო ნორმის არსებობის აუცილებლობასთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ცვლილების შესაბამისად ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე.
„მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით. მაგალითად, კომბინირებულ პრეპარატებში სუფთა ნივთიერების ხვედრითი წილის მიხედვით ხდება აღნიშნული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ოდენობის დაანგარიშება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, საკითხის მიმართ დიდი სიფრთხილით მოკიდებაა საჭირო. კომიტეტების წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის სულისკვეთება არის ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გაგრძელება და მეორე მხრივ, ის, რომ ქმედების ადეკვატური უნდა იყოს სასჯელიც და პირის გაკიცხვაც.
„დოზების ამ ფორმით ჩამოყალიბებით მაქსიმალურად ბალანსდება ქმედების ადეკვატური სასჯელის გამოყენება, რაც რეალურად ნიშნავს პროპორციული და ადეკვატური სასჯელის გამოყენებას სამართლიანი თვალსაზრისით. დაბალანსებული და ადამიანზე მორგებული პოლიტიკის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია, არის საკითხები, რომელზეც გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ასევე გათვალისწინებული იქნა საექსპერტო საქმიანობის პრაქტიკაში მიღებული მეთოდოლოგიური და პროცედურული სპეციფიკა. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა.
„კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აქტის დროული აღსრულების უზრუნველყოფა, რის გამოც გათვალისწინებულია კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება. კანონს ექნება უკუძალა, რადგან ცალკეულ შემთხვევებში ამ კანონის მიღებამ შესაძლოა გააუქმოს ან შეამსუბუქოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არის ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკის, ნარკოპოლიტიკის გაგრძელება, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ეს პროექტი დიდი ხანია მზად არის.
„ეს პროექტი დიდი ხანია მზად არის. მაგრამ წინა მოწვევის პარლამენტში მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ ძალები, რომლებიც ამბობდნენ რომ არავითარი სიფრთხილე საჭირო არ არის და ითხოვდნენ სრულფასოვან პაკეტს ე.წ . ლიბერალიზაციის და ზოგ შემთხვევაში ლეგალიზაციის ელემენტებითაც, რაც ჩვენი ჯგუფისთვის მაშინ მიუღებული იყო, რამდენადაც ჩვენ ვემხრობოდით თანდათანობით ლიბერალიზაციის პოლიტიკას, რაც გულისხმობს ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ ურთულეს ნაბიჯს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სისხლის სამართლის პრინციპის ქვაკუთხედი არის ის, რომ სასჯელი იყოს ადეკვატური და მისადაგებული ჩადენილ ქმედებასთან.
„მოქმედი კანონპროექტის ვექტორი გადაწეულია მსჯავრდებულისთვის, ბრალდებულისთვის არასამართლიანი მხარისკენ. ეს კანონი არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ რაიმეს ან ვინმეს წახალისება ხდება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ცვლილებით ადამიანები დატოვებენ ციხეს და დაუბრუნდებიან ოჯახებს.
„სამთავრობო პოლიტიკის მიზანი არის ზიანის შემცირება, რომლის ფორმულაც არის მიწოდების შემცირება და მოხმარების შემცირება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს როგორც სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მოსაზრებების მხედველობაში იქნება მიღებული კანონპროექტზე მუშაობისას. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 512 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე იმსჯელა და მიზანშეუწონლად მიიჩნია მისი შესწავლა და განხილვა. როგორც იურდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პეტიციის განხილვა ორი მიზეზის გამო ვერ მოხდება.
„პეტიცია წარმოდგენილია „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უკვე კანონად ვაქციეთ. პეტიცია პარლამენტში შემოვიდა მაშინ, როდესაც კანონპროექტს მესამე მოსმენით ვიხილავდით და აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ მოხდებოდა კანონპროექტის და პეტიციის თანადროულად განხილვა. პეტიციის ავტორებს უფრო ადრე უნდა შემოეტანათ ეს პეტიცია. ამასთანავე, ეს პეტიცია თავისი არსით და პრინციპით ეწინააღმდეგებოდა იმ პრინციპს, რა სულისკვეთებაც ჩვენ ჩავდეთ ამნისტიის პროექტში, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე, სიცოცხლის მოსპობაზე არ უნდა გავრცელებულიყო ეს ამნისტია. მოქალაქეების მიერ შემოთავაზებულ პეტიციაში კი, საუბარია სწორედ იმაზე, რომ ¼-ით სასჯელის შემცირება უნდა შეეხოს ყველა დანაშაულს, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი იყო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებისას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.