პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა რეგლამენტში ცვლილებას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ახალგაზრდული მიმართულების დამატებას ითვალისწინებს.
მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, იცვლება საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის დასახელება. მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება გამოწვეულია იმ სტრუქტურული რეფორმის გატარებით, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის სფეროში გადაეცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდობის კომპონენტი სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტიდან გადმოვიტანოთ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, რაც გაზრდის კოორდინაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს შორის და გაამარტივებს საზედამხედველო ფუნქციას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.