პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, 22-ის წინააღმდეგ მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საკითხის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტში, რედაქციული სახის დაზუსტება განხორციელდა.
„პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კარგავს დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მომხსენებლის განმარტებით, იგივე პრინციპი ვრცელდება ბლოკში შემავალ პარტიებზეც.