პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

23/12/2020

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამეტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ასევე, პარტია მომავალი წლის დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. იგივე პრინციპი გავრცელდება ერთ ბლოკში გაერთიანებულ პარტიებზე.
კანონპროექტი სხდომაზე განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გამოიტანა. მან დეტალურად განმარტა კანონპროექატის მიღების საჭიროება და არსი. მომხსენებელმა უპასუხა ოპონენტებს მათ მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი უნდა რეგულირდებოდეს დემოკრატიის შესაბამისად, სამართლიანად. შესაბამისად, ინიცირებული ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას დაავალა შესაბამისი ინტერესების წარმოდგენა და წარმომადგენლობის განხორციელება, რაც დემოკრატიის პრინციპის მთავარი ფუნდამენტია, და თუკი პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე დემოკრატიის პრინციპს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად ენიჭება უკუძალა იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა და განაცხადა, რომ დღეს, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც განაცხადი შეიტანა ცესკოში და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემვერში ან მომდევნო თვეებში დაფინანსების შეწყვეტა.

„ეს ნიშნავს, რომ კანონი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას. ამას არავის ვუწყვეტთ, თუმცა საუბარია იმაზე, რამდენად მიზნობრივი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა რომელიმე პარტიაზე, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს, დემოკრატიის პრინციპს, პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს. როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და კონკრეტულ პარტიას მისცა ერთი ხმა, ეს ერთი ხმა უდროის 15 ლარს. მაგრამ თუ პარტია უარს ამბობს იმ მინიმალურ სტანდარტზე, რაც კონსტიტუციის მესამე მუხლში გვიწერია, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს საბოტაჟს და არა პოლიტიკურ ბოიკოტს, როგორც ოპონენტებს სურთ რომ გაავრცელონ და გაასაღონ საზოგადოებაში. აუცილებლად უნდა გაივლოს წითელი ხაზი პოლიტიკურ ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, წარმოდგენილ დოკუმენტში ასახულია კომიტეტებში განხილვისას გამოთქმული შენიშვნები და შესწორებები. განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მომხსენებელმა უპასუხა კოლეგების შეკითხვებს. სხდომაზე ასევე განიხილეს წარმოდგენილი ცვლილებიდან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“; ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა დეტალურად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. მოისმინა მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები.
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი: „სავსებით ვეთანხმები ანრი ოხანაშვილს, რომ მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს. ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სხვადასხვა განყოფილების, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ მათ“.
საპარლამენტო უმრავლსეობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტთა პაკეტის ზოგადი მიზანია პასუხის გაცემა საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება პარლამენტზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

„როდესაც პარლამენტის საბოტაჟი ხორციელდება აქ შეიძლება ორი ალტერნატიული პასუხი იყოს მოაზრებული. ასეთ დროს პარტიამ შეიძლება აღიაროს არჩევნების გაყალბება, რაც ბუნებაში არ მომხდარა. არის კიდევ სამართლებრივი მექანიზმი საბოტაჟის წინააღმდეგ. პარტია, რომელიც არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნებს, არ უნდა სარგებლობდეს არც იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელიც ასახულია კანონპროექტების პაკეტში. პარტიებს დაფინანსებასა და უფასო საეთერო დროზე უარი ეთქმევათ არა საპარლამენტო მუაშობაში არმონაწილეობისთვის, არამედ პარლამენტის საბოტაჟის გამო. აქ მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ წახალისება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და დეპუტატებმა უარი თქვან პარლამენტის საბოტაჟზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტთა პაკეტის პირველი მოსმენით განხილვის ამოწურვის შემდეგ, პარლამენტმა განიხლა პარლამენტის დადგენილებების პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებით: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება)“ რატიფიცირების შესახებ“, რომლის მიხედვითაც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი („KfW“) საქართველოში პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით შესაბამისი პირებისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად 15.000.000 ევროს ოდენობით სესხს გამოყოფს.
კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)“ ითვალისწინებს ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად სესხის სახით 170.823.000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, რომელიც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
სხდომაზე განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები იქმნება შესაბამის საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ასამბლეებთან თანამშრომლობის მიზნით. საკითხი სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გამოიტანა.
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ამოწურვის შემდეგ, გაიმართა კენჭისყრა და დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილულ საკითხებს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის შემდეგი პლენარული სხდომა 24 დეკემბერს 12 საათზე გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0