პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმინა

03/04/2024

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინა. ლევან დავითაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებებზე, მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და რეფორმებზე.
მინისტრის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა და გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანობაში კი, პოსტპანდემიურ პერიოდში – 2021-2023 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა – 9.7%. მისი თქმით, 2024 წელი ეკონომიკური ზრდის კუთხით მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო. კერძოდ, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს გაუტოლდა, მათ შორის თებერვალში 9.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„დოლარში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 8,210 დოლარამდე გაიზარდა. ჩვენი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს 8500 აშშ დოლარს უნდა გადასცდეს და ლარში გამოხატული მაჩვენებელი 23 000 ლარზე მეტი იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას – 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. ასევე, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-თან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მინისტრის განცხადებით, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ბოლო სამ წელიწადში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 5 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ როლი და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-იანი ზრდა განიცადა. ამასთან, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ანგარიშის თანახმად, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამ წელიწადში შესაძლებელი გახადა სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია. 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-მდე (ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-ზე ნაკლები), ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ს 39.3%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ინფლაციის დონეს – 2023 წლის აპრილიდან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. ამასთან, ბოლო 9 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1 %-ზე ნაკლებს შეადგენს.

„უმუშევრობის დონე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – 2023 წელს ის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მეტყველებს. ამასთან, უმუშევრობის დონე 2023 წელს 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4%-ს გაუტოლდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, პოზიტიურ ტენდენციებს ხელი შეუწყო გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რეფორმების განგრძობადობამ და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა.

„გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზანს სწორედ დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ეს კომპლექსური სამუშაოა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება კერძო სექტორის, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობა და შიდა და უცხოური ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა საინვესტიციო ფონდების განვითარება – მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით. კერძოდ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს მუშაობას კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, სადაც სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 2-3 ფონდის მხარდაჭერა, რომელთა ჯამური მოცულობა 80 მილიონ დოლარამდე იქნება. ასევე გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი ტრადიციული პროექტების განხორციელება, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების განხორციელება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს წარედგინება ახალი კანონპროექტი, სადაც ქართული კომპანიებისთვის განისაზღვრება ახალი სტატუსები და შემუშავდება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები: ინოვაციური სტარტაპი, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმო, ასევე, ექსკლუზიურად კვლევის და განვითარების (R&D) კომპანია.
მისი განცხადებით, ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, აქტიურდება მუშაობა DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით.

„ამისთვის ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომელიც მიღებული იქნება 2024 წლის ბოლომდე. გეგმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ორმხრივად შეთანხმებული აქტივობები, მათ შორის DCFTA-ის მიღმაც“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0