პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წევრებს კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ეს ცვლილებები ეხება ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოტანას. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, რეფერენტული ფასის მექანიზმი კარგად აპრობირებული მექანიზმია, რომელიც დანერგილია ევროპის 36 ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ასევე ევროპის რეგიონის მიღმა ბევრ ქვეყანაშიც, როგორიცაა კანადა, სამხრეთ აფრიკა, ვიეტნამი და სხვა.
„ყველა ქვეყნის გამოცდილება არის ის, რომ რეფერენტული ფასის დანერგვა გარკვეული მედიკამენტების ჯგუფზე ამცირებს მედიკამენტების ხარჯებს, მას მეტად ხელმისაწვდომს ხდის მოსახლეობისთვის, ზრდის მოსახლეობის კმაყოფილებას და აუმჯობესებს ჯანდაცვის გამოსავლებს. ამდენად, მისი გამოყენება საქართველოს პირობებში რეკომენდებულ იქნა მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ და მათთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მექანიზმის დახვეწაზე, დამუშავებაზე, იმ მედიკამენტების შერჩევაზე, რომლებსაც პირველ ეტაპზე უნდა შეეხოს რეფერენტული ფასები და შესაძლებლობების შექმნაზე როგორც სამინისტროს შიგნით, ასევე მაკონტროლებელ ორგანოებში იმისთვის, რომ რეფერენტული ფასები იყოს მდგრადი“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ცვლილებები სხვა საკითხებსაც ეხება, მათ შორის საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებასთან და საქართველოს ნაციონალური GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციასთან დაკავშირებულ საკითხებს. GMP და GDP სერტიფიკატების უქონლობის შემთხვევებში შემოდის საჯარიმო სანქციები. მომხსენებლის განცხადებით, რეფერენტული ფასების დანერგვას აღსრულების მექანიზმები სჭირდება, ამიტომ ცვლილებები შედის სხვა მოქმედ კანონებშიც, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსში. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000-1200 მედიკამენტს შეეხება და ამ მექანიზმის შემოტანა დღეს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასების სავარაუდოდ 40%-იან კლებას მოგვცემს. სამინისტრო, მთავრობა ამ მექანიზმის სხვა მედიკამენტებზეც ეტაპობრივად, გონივრულ ვადებში გავრცელებას გეგმავს.