პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

18/10/2023

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, მიიღო. კანონპროექტის ძირითად არსსა და მის პრინციპებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას.

„2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა. ანალოგიური ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდანაც გამომდინარეობდა, რომელთა შესრულებაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-7 პუნქტის შესრულება მოხდება. „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0