პარლამენტმა კულტურის კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა

05/04/2023

ელისო ბოლქვაძემ კულტურის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

„2022 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში კულტურის კომიტეტი, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევდა კულტურის პოლიტიკის, ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრა-განხორციელებას. მოამზადა და განიხილა კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტები, უზრუნველყო პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავება, ხელს უწყობდა კულტურის მოღვაწეთა ინტეგრაციას საერთაშორისო კულტურულ სივრცეში“, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში 21 სხდომა ჩაატარა. წამყვანის სტატუსით განიხილა ორი კანონპროექტი: „მუზეუმების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. ასევე წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა სამი საკანონმდებლო წინადადება, ერთი პეტიცია, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით რვა ნორმატიული აქტის პროექტი. კომიტეტმა განიხილა რვა ანგარიში, საიდანაც ოთხი წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

„კულტურის კომიტეტმა შექმნის დღიდან გამოკვეთა თავისი პრიორიტეტები: სახელოვნებო განათლების რეფორმა; საავტორო უფლებების დარეგულირება; კულტურული დიპლომატიის კონცეფციაზე მუშაობა – კულტურა, როგორც საგარეო ურთიერთობათა მძლავრი მექანიზმი. ამ საკითხებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც საპარლამენტო ასევე კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომიტეტის საქმიანობა ემსახურებოდა: კულტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას და სამომავლო რეფორმების შემუშავებაში თანამონაწილეობას; კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ფართო ჩართულობას; ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციას; კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ მონაწილეობას.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაო ვიზიტები ევროპის ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ ქვეყნებთან კულტურული კავშირების გაღრმავებას და თანამშრომლობას. კომიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დარგში მომუშავე ექსპერტებს. შეხვედრები მიზნად ისახავდა კომიტეტის დარგობრივი მიმართულებებით არსებული მდგომარეობის ერთობლივ შეფასებას, შესაბამის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვას. მან ასევე ისაუბრა კომიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დარეგულირების გზებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0