პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. ცვლილებით, მოქმედ კანონს ემატება გარდამავალი ნორმა, რომლის თანახმად, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვიზიტორების მომსახურებისთვის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1 იანვრამდე იქნება დაშვებული. მისი ინფორმაციით, კანონში ცვლილება კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით ხორციელდება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოქმედი კანონის თანახმად, ტრადიციული გამოყენების ზონაში ვიზიტორთა გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლიმიტირებული თიბვის, თევზჭერისა და საშეშე მერქნის დამზადებისთვის, შიგაწვის ძრავიანი ნავების გამოყენება 2024 წლის 1 იანვრამდე იყო დაშვებული. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ვინაიდან ბევრი მათგანი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ელექტროძრავიანი ნავების შეძენას, ასევე, ვიზიტორთა მომსახურების მიზნით ელექტროძრავიანი ნავების შეძენაც დიდ დანახარჯებს გამოიწვევდა, გადაწყდა კანონში ცვლილების შეტანა და აღნიშნული ნორმის ამოქმედების გადავადება.
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
18/04/2024