პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილული კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 74 მომხრე, 5 წინააღმდეგით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, შენარჩუნდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და მეორე მხრივ, მინიმალიზებული იყოს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები.
„2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს და ეს შესაბამისად, გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, სწორედ აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.