პარლამენტმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა

22/03/2023

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც კოლეგებს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, დელეგაციამ აქტიურად იმუშავა ეუთო-ს სამივე განზომილების, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებებით. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით 2022 წლის ეუთო-ს დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას. დელეგაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ყველა ღონისძიებაზე ხაზს უსვამდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას. ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბირმინჰემის დეკლარაციის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა მიღწეულ იქნას მშვიდობა და აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
2022 წელს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„მოგეხსენებათ ეუთო-ს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის არჩევნებზე დაკვირვება ეუთო-ს წევრ ქვეყნებში. 2022 წელს, პირადად მე ვიყავი სამ ქვეყანაში, სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0