პარლამენტმა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

16/11/2023

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის ინფორმაციით, კანონპროექტმა მეორე მოსმენის შემდეგ ტექნიკურ-რედაქციული შესწორებები განიცადა.

„ეს არის ახალი საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც შეეხება ინოვაციური პლატფორმის დანერგვას და შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნას, რომელიც გულისხმობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ერთიან გეოპორტალზე განთავსებას“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კანონპროექტის მიზანია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირების, განვითარებისა და ევროპულ ინფრასტრუქტურებში მისი ინტეგრირებისათვის ტექნიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მან უნდა მოაწესრიგოს ყველა ის პროცესი და ურთიერთობა, რომლებიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარებისა და გამოყენების პროცესში წარმოიშობა, კანონპროექტი ასევე მოაწესრიგებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტების და ორგანოების ურთიერთობებს, მათ უფლება-მოვალეობებს. კანონპროექტი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და მათზე თავისუფალი წვდომის უზრუნველსაყოფად ეროვნული გეოპორტალის შექმნას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0