პარლამენტმა ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალური ექსპონატების გამოფენას უმასპინძლა

22/12/2022

საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა გამოფენას, სადაც 2021-2022 წლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ კერძო პირებისა და კოლექციონერებისგან ექსკლუზიურად შეძენილი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა კოლექცია იყო წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა სიტყვით.

„მიხარია, რომ დღევანდელი გამოფენა ყველას, ვინც პარლამენტში იმყოფება, აძლევს შესაძლებლობას იხილოს ის ძალიან მნიშნელოვანი ფოტოები, ილუსტრაციები, წერილები და ისტორიული დოკუმენტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდს აღწერს. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს ასეთი სახის გამოფენებს და ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია ძალიან საინტერესო თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მან ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს და გამოფენის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მომავალი საინტერესო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კი ექსპონატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდება.

„დღეს წარმოგიდგენთ კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა პერიოდის ძალიან მნიშვნელოვან ნიმუშებს, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიძინა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში გაგვემართა ორდღიანი გამოფენა, ძალიან ლოგიკურია, დიდი იმედი მაქვს მომავალი წლის ამ დროსაც შევიკრიბებით და არაერთი საინტერესო მასალით წარვდგებით. დარწმუნებული ვარ სახელმწიფო ისევ გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ათეული უნიკალური ექსპონატი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებიდან, რომელიც კერძო პირებისა და კოლექციონერებისგან ბიბლიოთეკის მიერ ექსკლუზიურად არის შეძენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0