პარლამენტმა, პლენარულმა სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტს 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10-მა პარლამენტარმა შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მთვარობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაგროვებითი პენსიის სისტემა აამოქმედა, გამომდინარე იქედან, რომ არსებული საპენსიო სისტემა, თავისი კლასიკური გაგებით, არ იყო საპენსიო სისტემა – ის იყო სოციალური დახმარება ასაკით პენსიონერებისთვის. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ამ სისტემას აქვს ბევრი ხარვეზი, კერძოდ: სახელფასო უთანასწორობა, ახალი საპენსიო სიტემა რეალურად სრულფასოვნად ამოქმედება 25 წლის შემდეგ, არაფერია ნათქვამი საბაზისო პენსიის ზრდაზე, არაფერია ნათქვამი მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაზე და სხვა.
ბექა ნაცვლიშვილმა კოლეგებს ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ ინიციატივის ძირითადი ასპექტები გაცნო.
„ჩვენი საპენსიო სისტემა, აგრეთვე გულისხმობს 2+2+2 შენატანს ანუ აქაც, დამსაქმებელი იხდის 2%, სახელმწიფო უმატებს 2% და დასაქმებულიც იხდის 2%, ოღონდ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში მთელი ეს თანხა მიდის ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე. ჩვენს შემთხვევაში მთვარობისა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანი – 2-2% წავა სოლიდარობის ანგარიშზე, ხოლო ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე წავა 2%. დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში კი, ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე 2%-ზე მეტი წავა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სოლიდარობის პრინციპზე განხორციელებული პენსიების გაცემა უზრუნველვყოთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას არა 25 წლის შემდეგ, არამედ უკვე ერთი წლის შენატანის შემთხვევაში, როცა ადამიანი უკვე გავა პენსიაში, მიიღოს გაზრდილი პენსია“, – განაცხადა მომხსენებელმა.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ფრაქციის მიერ შემოთავაზებული სისტემა გულისხმობის როგორც ვერტიკალურ სოლიდარობას – რაც მომავალი თაობის მის წინამორბედ თაობაზე ზრუნვას ნიშნავს, აგრეთვე გულისხმობს ჰორიზონტალური გადანაწილების პრინციპსაც – ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაბალი შემოსავალი მიიღებენ პროპორციულად უფრო გაზრდილ პენსიას.
მომხსენებელმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ დათქმის შემთხვევაში, კანონპროექტი ნაცვლად 2019 წლისა ამოქმედდეს ერთი წლის შემდეგ – 2020 წელს.
კანონპროექტით წესრიგდება განსაზღვრული სარგებელის საპენსიო სქემასთან, დაგროვებით პენსიასთან, დაგროვების კოეფიციენტთან, თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშთან, საპენსიო სარგებელთან, საპენსიო ფონდთან და ჩანაცვლების კოეფიციენტთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებებით რეგულირდება თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეთა გაწევრიანებასთან, საპენსიო სარგებელის მიღების შეწყვეტასთან, საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტირების პრინციპებთან და საპენსიო ასაკის მიღწევამდე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებში დასაქმებული პირის პენსიის წარმოშობის უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს, კანონის ამოქმედებიდან ოცი წლის განმავლობაში საპენსიო სარგებელის ოდენობის გამოთვლის განსაკუთრებულ წესს.
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ დააფიქსირა. მისი განცხადებით, შემოთავაზებულ ინიციატივაში არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა განხილვა არსებული რეფორმის ფარგლებში ეტაპობრივი გამოყენების თაობაზე შესაძლებელია, თუმცა რეფორმა მთლიანად ფინანსურად საკმაოდ მაღალ რისკიანი პროექტია.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, შემოთავაზებული იდეით რეალურად შემოდის გადასახადი, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.
პლენარულ სხდომაზე, შესვენების შემდეგ, მიმდინარე სასესიო კვირის ფარგლებში განხილული საკითხების კენჭისყრა გაიმართა.
პარლამენტმა კანონპროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო.
კანონპროექტით წესრიგდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესი. კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებია: საჯარო დაწესებულების ემბლემა, საჯარო დაწესებულების დროშა და დროშების ერთობლიობა, საჯარო დაწესებულების დროშების და სიმბოლოების ერთობლიობა, საჯარო დაწესებულების ინსიგნია, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ დანიშნულების დაწესებულების სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში, სამხედრო და სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი, სამხედრო ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის და ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი, მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი; საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც გამოსახულია სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები. კანონპროექტი, აგრეთვე აწესრიგებს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებასთან, აღმართვასთან, გამოფენასთან და გამოსახვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ 55 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დადგენილების პროექტის თანახმად, ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 16 წევრით.