პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

04/04/2024

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო. ცვლილების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-სა. კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ კვოტირების გაუქმება თანაბარ პირობებს შექმნის და ქალები და მამაკაცები გათანაბრებულები იქნებიან უფლებრივად.

„პრივილეგიებს ვაუქმებთ, პრივილეგიების გაუქმება როგორ შეიძლება იყოს ქალების წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო. ​კანონპროექტების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0