პარლამენტმა გამარტივებული წესით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

13/12/2024

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, გამარტივებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა და კენჭი უყარა. კანონმდებლებმა 82 ხმით, მხარი დაუჭირეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმად, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს მიეცემათ შესაძლებლობა კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა) ჩააბარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ზოგადი გარდამავალი პერიოდი 2 წლით – 2027 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება, რა დროსაც განხორციელდება წარდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა, მიღება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შედეგად სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწევს 2026 წლის 1 იანვრამდე.

„პენიტენციურ კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს ხანმოკლე პაემანი მხოლოდ სატელეფონო საუბრით შეიძლება შეეცვალოს 2026 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა.

„კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია 2025 წლის პირველი იანვრიდან, გადავადდება 2027 წლის პირველ იანვრამდე.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, პროექტით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტებისა და „ტურიზმის შესახებ“ კანონის დებულებების ამოქმედების ვადები 2025 წლის 1 ივნისის ნაცვლად, 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.

პლენარულ სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავების ვადა 2028 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს. ცვლილება შევიდა ასევე ნარჩენების მართვის კოდექსში და 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდება იმ მუხლების ამოქმედების თარიღი, რომლებიც ითვალისწინებს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნას, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენას, აღრიცხვასა და ანგარიშგების წარმოებას. პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომლის თანახმადაც, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებები (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), ვალდებული იქნებიან, ნაცვლად 2024 წლის 1 დეკემბრისა, 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ ამავე კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. პარლამენტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომლის თანახმადაც, დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა გადაუვადდებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0