პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

16/11/2023

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით.

„აღნიშნული ცვლილების მიზანს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. შემოგვაქვს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ ზონებში, დაწესდება ვალდებულება ავტომანქანების ზამთრის საბურავებით გადაადგილების შესახებ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ავტომობილების გადაადგილება იყოს უსაფრთხო“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამ რეგულაციების კონტროლს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს და იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს ავტომობილი სათანადოდ არ აქვს აღჭურვილი, მას კონკრეტულ ზონაში შესვლა შეეზღუდება. თითოეული ზონის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები დაიდგმება. ცვლილებით ასევე დაწესდება ადმინისტრაციული სანქციები იმ შემთხვევებისათვის, თუ მძღოლი მოთხოვნებს არ შეასრულებს – ჯარიმა იქნება 100 ლარი, მართვის მოწმობის ქულებზე კი 5 ქულა დააკლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0