პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

15/12/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს. ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტებს არასამეწარმეო იურიდიული პირის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფუძნების უფლებამოსილება ენიჭებათ. მომხსენებლის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კანონპროექტის ბ) ქვეპუნქტში შემდეგი ცვლილება განხორციელდა – კანონპროექტს დაემატა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერიდან „ტურიზმის განვითარებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა უფლებამოსილება“ ამოდის.

ამით პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესია დატვირთული და საინტერესო იყო.

„რაც მთავარია, შედეგიანი საშემოდგომო სესია გვქონდა – საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაში უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ყველა კოლეგას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებს, რომელმაც განაპირობა ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

​პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში, თებერვლის პირველ სამშაბათს განაახლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0