პარლამენტი 26 ივლისიდან რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

24/07/2017

საქართველოს პარლამენტი 26 ივლისიდან რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხების რიგითობა გააცნო და იმ კანონპროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხილვაც რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, გარდა მესამე მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტებისა, საკანონმდებლო ორგანო, რიგგარეშე სესიის ფორმატში, პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს დაძლევის საკითხებსაც განიხილავს.
საუბარი საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 29 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“; საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე, რომლებსაც პრეზიდენტის მიერ ვეტო 21 ივლისს დაედო.
ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს და ახალ საკანონმდებლო წინადადებებზე შესაბამისი კომიტეტები განსაზღვრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0