პარლამენტი საარჩევნო ინიციატივაზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის შემთხვევაში, პრემიერს გადადგომა აღარ მოეთხოვება

15/04/2016

პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობს ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილები, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება.
პროექტი პირველი მოსმენით პარლამენტს ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა, რომლის განმარტებით, პრემიერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა ეკრძალებოდეს. მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკებში, რასაც საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური მოდელი თითქმის მთლიანდ ემთხვევა, პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, მმართველი პარტიის ან მმართველი კოალიციის ლიდერია და მომდევნო არჩევნებში შესაბამისი პარტია თუ კოალიცია ამ ლიდერის ხელმძღვანელობით უნდა მონაწილეობდეს.
გარდა ამისა, ხმალაძის განცხადებით, მოქმედი კოდექსის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო პრემიერის გადადგომა, მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას გამოიწვევს. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, ხმალაძის განმარტებით, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს.
პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ერთ კონკრეტულ ადამიანზე – გიორგი კვირიკაშვილზეა მორგებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0