ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე – „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა. ცვლილებებით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია.
„კანონპროექტი ემსახურება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. აღნიშნული წარმოადგენს ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთ სახეს, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს ადეკვატური სისხლის სამართლის პოლიტიკა და ადეკვატური სასჯელები იყოს დადგენილი“, – განაცხადა მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ლანა ცანავამ.
ამგვარად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი 7-14 წლით თავისუფლებით აღკვეთიდან გაიზრდება 12-17 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი მოიმატებს მხოლოდ სასჯელის მინიმალური ზღვარი და ნაცვლად რვა წლისა, გახდება თოთხმეტი წელი. ანუ გასაღება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ უყრიან კენჭს.